ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N10
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
აგურით ნაგები, ორსართულიანი სახლი 1905-1906 წლებშია აგებული. მისი მფლობელი იყო ვაჭარი სეროპ აკინიანი, რომელსაც შენობის პირველ სართულზე საწყობი ჰქონდა მოწყობილი საბითუმო ვაჭრობისთვის, ხოლო მეორე სართულს საცხოვრებლად იყენებდა. შენობის მართკუთხა ღიობებით დანაწევრებული პირველი სართული ვარდისფრადაა შელესილ-შეღებილი. შეულესავადაა დატოვებული სახლის მეორე სართული, სადაც შენობის ზედაპირი ორი ფერის (მოთეთრო და მოწითალო) აგურის გამოყენებითაა ამეტყველებული. თეთრი ფერის აგური გამოყენებულია სარკმლების გარშემო, რითიც მიღწეულია საპირეთა და თავსართთა ეფექტი და ასევე სარკმლებს ქვემოთ თეთრი აგურით რომბებია გამოყვანილი. ამავე ფერის აგურია გამოყენებული პარაპეტებზე, კბილანა კარნიზებისთვის და პარაპეტების შუაში წრიული ღიობის გარშემო. შენობის კიდურა ნაწილების ზემოთ პატარა ფრონტონებით დაგვირგვინებული პარაპეტების შუაში ოვალურ ღიობში თითო სალამურიანი ბიჭის ქანდაკებაა ჩასმული. სახლი გამორჩეულია თავისი მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტითა და ფასადზე სხვადასხვა ფერის აგურით მიღებული დახვეწილი მხატვრული ეფექტით. შენობა ღირებულია თავისი ორიგინალური საფასადო დეკორის გემოვნებიანი გადაწყვეტით.