ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ჩხუტუნეთი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ძეგლი მდებარეობს ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ქვემო ჩხუტუნეთში, მაჭახლისწყლისა და დავითეთის ღელის შესართავთან არსებულ კლდოვან ბორცვზე. გალავნის კედლები თითქმის საძირკვლის დონემდეა დანგრეული. გალავნის შიგნით აქა-იქ შეიმჩნევა სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევები. კლდოვანი ბორცვის ჩრდილოეთ მონაკვეთში შემორჩენილია კოშკის ნაშთები. მისი ზომებია: სიგრძე-5 მ. სიგანე-4 მ. კედლის სისქე-80 სმ. შემორჩენილი კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1,5 მ-ია. ციხის შიდა ტერიტორიიდან ორი გვირაბი გადიოდა. ერთი მათგანი დასავლეთით დავითეთის წყლისკენ დაშვებულ ფერდობს მიუყვებოდა. მისი ნაწილი ჩაიქცა. გვირაბის ზომებია: სიმაღლე 0,8-1 მ. სიგანე-0,7-0,8 მ. კედლის სისქე-0,6 მ. მეორე გვირაბი ციხის ტერიტორიიდან მაჭახლის წყლისკენ ეშვება. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით მისი ბოლო მონაკვეთი საავტომობილო გზის გაყვანისას დანგრეულა. ციხე აკონტროლებდა მაჭახლის ხეობაზე გამავალ გზებს. ციხის კომპლექსში შედის ჩრდილოეთ ფერდობზე არსებული მარანიც, რომელიც ამჟამად მოქცეულია ი. ქოქოლაძის საკარმიდამო ნაკვეთში. მარანი ღია ტიპისაა. მიწის მეპატრონის თქმით, აქ ათამდე ქვევრია ფიქსირებული. დიდი ნაწილის პირისა და ზოგჯერ ტანის მონაკვეთი მომტვრეულია, თუმცა გვხვდება მთლიანი ნიმუშებუც. ქვევრები, როგორც ეს შემორჩენილი ნიმუშების მიხედვით ჩანს, ჩაკირულია. ყოველწლიური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების დროს, ქვევრების დაზიანების პროცესი გრძელდება. საჭიროა მათი შესწავლა, არსებული ტერიტორიის მოწესრიგება, გადახურვა და დაცვა.