"ზელენსკის აგარაკი" საცხოვრებელი სახლი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ციხისძირი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი შენობა ზღვიდან 500მ-ით დაშორებულ გორაკზე დგას, სამანქანო ტრასიდან აღმოსავლეთით. ნაგებობა მართკუთხა გეგმისაა, რიზალიტური წანაზარდებით. ჩრდილოეთიდან მიდგმული აქვს დორიული ორდერის სვეტნარი, ზედა სართულზე ქვის მოაჯირიანი ვერანდით. სააგარაკო შენობა მოვაკებაზეა აგებული. შემდეგ კიდევ ორი ნაგებობა აშენდა და მოეწყო დასასვენებელი სახლი „ნიავი“. ტერიტორია შემოფარგლულია ლითონის ჭვირული ღობით.
ნაგებობის ფასადები ფსევდოგოთური და კლასისიცისტური არქიტექტურული ელემენტებით არის დატვირთული. ნალესი ფასადები წიბოებზე ფლანკირებულია კუთხის რუსტირებული პილასტრებით. სართულები გამოყოფილია პროფილირებული ლავგარდანით. ზევით სრულდება სტილიზებული სამკუთხა ქონგურების რიგით. პირველი სართულის სარკმლები მართკუთხაა, მეორე სართულის სარკმლებს კი, მუზარადისებური შეისრული ფორმა აქვთ სამფურცლა ალათებით. სარკმლები მარტივად არის მოჩარჩოებული.
ნაგებობაში რამდენიმე შესასვლელია. მეორე სართულზე ასასვლელი ქვის საფეხურებიანი კიბის უჯრედი მოწყობილია აღმოსავლეთ რიზალიტში. აქვეა სხვენზე ასასვლელი ხის საფეხურებიანი ერთსვლიანი კიბე.
ინტერიერი მარტივადაა გალესილი. შემორჩენილია კარ სარკმელთა ხის ალათები.
ნაგებობა საინტერესო სააგარაკო ტიპის შენობაა თავისი საფასადო სტრუქტურითა და მხატვრული გაფორმებით.