ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N35
ძეგლის მოკლე დახასიათება
ერთსართულიანი სახლი მაღალი ცოკოლის სართულით, რომელშიც სარდაფია განლაგებული, კარგად არის ჩაწერილი ქუჩის განაშენიანებაში. ამჟამად, შენობა საგრძნობლად სახეცვლილია. სარკმლების ნაწილი კარებად არის გადაკეთებული. მარჯვენა ფრთაში მაღაზიაა მოწყობილი. ნაგებობის ფასადები შელესილია. ცენტრში სადარბაზოა გაჭრილი, რომლის თავზე, ამჟამად მორყეული, ლითონის ჩარდახია აჟურული კრონშტეინებითა და ფრონტონით. შესასვლელი ფლანკირებულია სწორკუთხა მოყვანილობის სარკმლებით, რომელთა თავზე, აქცენტებად, მართკუთხა ჩარჩოში ჩასმული, მცენარეული ორნამენტით შევსებული თავსართებია მოცემული. ფასადის ზედაპირი ჰორიზონტალური ღარებით არის დამუშავებული. შენობა სადა, კბილანებიანი კარნიზით სრულდება, რომელსაც ძირში, ფართო, მეანდრიანი არშია მიუყვება. შენობის ნაწილი კრამიტით, ნაწილი კი, შიფერით არის გადახურული. ინტერიერში, სადარბაზოს ჭერი პლასტიკური როზეტით არის დამუშავებული. შენობა კლასიცისტურ სტილშია შესრულებული და XIX-XX სს-ეების მიჯნის ტიპურ ქალაქურ ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც შესანიშნავად ეწერება ქუჩის განაშენიანებაში.