ქ. ბათუმი, ახმედ მელაშვილის ქუჩა N27
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
სახლი XIX საუკუნის ბოლოს, 1891 წელსაა აგებული. შენობის მესაკუთრე იყო ვინმე ბერძენი სიმეოდინი, რომელსაც სახლის გარკვეულ ნაწილში სამხედრო მეზღვაურთა ოფიცრებისათვის სასტუმრო ჰქონდა მოწყობილი. სამსართულიანი შენობის შელესილი ფასადები უხვადაა მორთული ნაძერწი დეკორატიული ელემენტებით. სართულები ერთმანეთისგან მძლავრი პროფილირებული, რამდენიმე საფეხურიანი სარტყელებითაა გამიჯნული. ფასადის განაპირა ნაწილები რიზალიტებითაა გამოყოფილი, რომელთა მესამე სართულიც რკალური ფრონტონებითაა დასრულებული. რიზალიტებში ეზოში შესასვლელი გვირაბი (მარცხნივ) და სადარბაზოა (მარჯვნივ) გაჭრილი. ეზოში შესასვლელ გვირაბს ლითონის აჟურული ჭიშკარი აქვს. სამივე სართულის კედლის დამუშავება განსხვავდება ერთმანეთისგან, პირველი სართულის ზედაპირი ღრმა, პარალელური, თარაზული ღარებითაა დამუშავებული, მეორე სართულის კედელი უფრო მეტადაა დანაწევრებული და უფრო აქტიურად შემკული დეკორატიული ელემენტებით (დეკორატიული კრონშტეინები, საჭექ ქვებზე ქალთა რელიეფური თავებია გამოსახული, ხოლო კიდურა თაღოვანი ღიობებს ზემოთ მცენარეულ ხლართში ჩასმული მამაკაცის თავები), ხოლო მესამე სართულის კედლის ზედაპირი სადაა, რომელშიც მართკუთხა ღიობებია გაჭრილი. ღიობთა ორივე მხარეს კორინთულკაპიტელებიანი ნახევარსვეტები და ამოღარულზედაპირიანი პილასტრებია განაწილებული. მეორე და მესამე სართულების ცენტრში ქვის კრონშტეინებზე დაყრდნობილი ლითონის აჟურულ მოაჯირიანი აივნებია დაკიდული. სახლი რენესანსულ-ბაროკულ სტილში აგებული ნაგებობის ერთ-ერთი კარგი ნიმუშია.