ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა N17 / მემედ აბაშიძის ქუჩა N45
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XIX საუკუნის დასასრულს აგებულ შენობაში იმ დროისათვის ცნობილი ექიმები-მარკოვი და ბეთანელი ცხოვრობდნენ. მოგვიანებით, აქ იტალიის საკონსულო განთავსდა. საბჭოთა პერიოდში შენობას საცხოვრებელი ფუნქცია დაუბრუნდა. ამჟამად მასში კაფეა გახსნილი. ორსართულიანი კუთხის შენობის გეგმა Г– ს მოხაზულობისაა. ნაგებობის ქუჩის მხარეს გამომავალი ფასადი და ეზოს მხარე შელესილია და ნაძერწი დეტალებითაა მორთული. შენობის ამ ორი მხარის სტილი ერთმანეთისაგან განსხვავებულია. ქუჩის მხარეს არსებული ფასადი კლასიცისტურისაკენ იხრება, ხოლო ეზოს მხარე – კლასიცისტურ-ბაროკული სტილის დეტალებითაა გაფორმებული. ლუკა ასათიანის ქუჩის მხრიდან შენობის ეზო შემოზღუდულია ლითონის ცხაურებიანი ქვის ღობით.მემედ აბაშიძის გამზირის მხარეს არსებული ფასადის შუა ნაწილი უკავია ლოჯიას, რომელიც პირველ სართულზე სამი თაღითაა გახსნილი. თაღებს ზევით კონცენტრული წრეებისაგან შემდგარი დეტალებია ჩართული. პირველი სართულის კედლის ზედაპირი ნაწილობრივ რუსტირებულია. მეორე სართულს ვერტიკალურ მონაკვეთებად ანაწევრებს ბრტყელი პილასტრები (შენობის განაპირა ნაწილები და ლოჯიის კიდეები).შენობა ინდივიდუალურად გადაწყვეტილი, დახვეწილი გემოვნებით და მხატვრულად შესანიშნავად გაფორმებულ XIX – XX სს. მიჯნის ევროპული ყაიდის საცხოვრებლის ნიმუშს წარმოადგენს.