მიმდინარე წელს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ხინოს ნაეკლესიარის რეაბილიტაცია გაგრძელდა. მეორე ეტაპის სამუშაოები მოიცავს ნაეკლესიარის გალავნის, მინაშენისა და სამარხების საკონსერვაციო სამუშაოებს.
სამონასტრო კომპლექსი მოიცავს IX საუკუნის ტაძარს სამხრეთის მინაშენით, რომელსაც სრულად აქვს ჩაქცეული გადახურვა და თაღკამაროვანი სისტემა, ამ ნაწილზე 2017 წელს ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები (ბიუჯეტი 92 000 ) რის ფარგლებშიც მოხდა ტაძრის კედლების გამაგრება, ნაწილობრივი რესტავრაცია და კონსერვაცია.
ტაძრის რეაბილიტაციაზე მუშაობს ტენდერში გამარჯვებული „სამშენებლო სარესტავრაციო კომპანია“. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 70 000 ათასი ლარი დაიხარჯება.
ხინოწმინდის ეკლესია მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ქობულეთიდან 45 კმ-ის დაშორებით. ეკლესია, სავარაუდოდ, IX საუკუნეშია აშენებული. ისტორიული ცნობები ხინოს შესახებ პირველად ვახუშტი ბატონიშვილთან გვხვდება. ტაძარი მე-18 საუკუნეში ოსმალების შემოსვლის დროს დაინგრა, ნაწილობრივ დანგრეულ ეკლესიას მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მიწისძვრა დაემატა.