გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსის დასავლეთ კარიბჭესთან აია-კოლხეთის უფლისწულის, აიეტის ძის-აფსირტესა და რომის იმპერატორის ბრინჯაოს სკულპტურები განთავსდა.
მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ აფსაროსის სახელწოდება უკავშირდება აფსირტეს სახელს. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა არიანესთან(ახ.წ. II ს.) დაცული ტრადიცია:,, ამბობენ, რომ ადგილი აფსაროსი ოდესღაც აფსირტედ იწოდებოდა იმის გამო, რომ თითქოს აქ მედეას ხელით დაიღუპა აფსირტე (აფსირტეს საფლავსაც უჩვენებენ), ხოლო
შემდეგ კი ეს სახელი ბარბაროსებმა დაამახინჯეს“ ამავე ცნობას იმეორებენ ახ.წ. VI საუკუნის ავტორები პროკოპი კესარიელი და სტეფანე ბიზანტიელი.
საკუთრივ აფსაროსის ციხის და ქალაქის სამხედრო, პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური აღმავლობის ხანა უკავშირდება იმპერატორ ადრიანეს. საგულისხმოა პროკოპი კესარიელის ცნობა:,, ეს ქალაქი ძველად მრავალრიცხოვანი ყოფილა. მას გარშემო უვლიდა მრავალი კედელი და შემკული იყო თეატრით და იპპოდრომით“. არაა გამორიცხული ეს ცნობა ასახავდეს ადრიანეს საამშენებლო საქმიანობას აფსაროსში.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მომავალში გეგმავს ფარსმან ქველის და ქართველი (კოლხი) მეომრის ქანდაკებების განთავსებას ციხის ტერიტორიაზე.
მოქანდაკეები: დავით მინდორაშვილი და ედუარდ შახნაზაროვი.