ბათუმში ევროპის მოედანზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომელიც წლებია ამორტიზებულია, რეაბილიტაცია ჩაუტარდება და არსებული იერსახე შეუნარჩუნდება.
ევროპის მოედანზე ე.წ. პირველი აფთიაქის შენობაზე განხორციელდება ფასადის სარემონტო და სამღებრო სამუშაოები, მოწესრიგდება ძეგლის იერსახე.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში რამდენიმე პროექტი იყო წარდგენილი, რომელიც ივალისწინებდა აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე არაერთი სართულის დაშენებას. სააგენტოს მიერ მკაფიოდ იქნა მოთხოვნილი არსებული მოცულობის შენაჩუნება და სარემონტო სამუშაოების წარმოება ძეგლის ინტერესებიდან გამომდინარე.
დღეს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ განიხილა ინვესტორის, შპს „ჟასმინი“-ს მიერ წარმოდგენილი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს არსებული ფასადის სარემონტო სამუშაოებს.
საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შენობის რეაბილიტაცია- რესტავრაცია განხორციელდება ძეგლის მოცულობის ცვლილების გარეშე. მიმდინარეობს მუშაობა შიდა გეგმარებასა და არქიტექტურაზე. ე.წ პირველი აფთიაქის შენობის რეაბილიტაცია ხორციელდება კერძო ინვესტიციებით.