გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრის შიდა ტერიტორიაზე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის არქეოლოგიური სამუშაოები ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთებში ხორციელდება. მიკვლეულია რომაული ეპოქის სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობათა ნაშთებს და ამავე პერიოდის მდიდარ არქეოლოგიურ მასალას. მათ შორის, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს რომაული გარნიზონის მეთაურის ნაგებობის კიდევ ერთი ცალკეული ნაწილის აღმოჩენაც, რომელიც მკვლევართა მოსაზრებით საქმისწარმოებისთვის იყო განკუთვნილი. ამასვე ცხადყოფს ამ ტერიტორიის არეალში მოპოვებული სხვადასხვა არტეფაქტიც, როგორიცაა თიხის სამელნეები და ჭრაქები. აღსანიშნავია ისიც, რომ ე.წ. კანცელარიისათვის განკუთვნილი სივრცე, და ზოგადად, ამ ტიპის სამსახური ნებისმიერი რომაული ციხე-სიმაგრისათვის იყო დამახასიათებელი. არქეოლოგიური სამუშაოები კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.