ექსპედიცია მუშაობდა ციხის გალავნის №3 კოშკის აღმოსავლეთი კედლის, სამეურნეო ნაგებობის ჩრდილოეთი კედლის, სამნავიანი ბაზილიკის სამხრეთი ნავის სამხრეთი კედლისა და აბანოს ჩრდილოეთ კედლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოხერხდა გვიანი შუასაუკუნეების ფენის შესწავლა, რომელიც ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი კერამიკული თუ ლითონის არტეფაქტებით იყო წარმოდგენილი.
დადასტურდა, რომ ციხის თავდაცვითი და სამეურნეო ნაგებობები სხვადასხვა დროს შეკეთდა. არსებითი ხასიათის სამშენებლო სამუშაოები ადრე და გვიან შუასაუკუნეების ეპოქაში ხდებოდა. ციხის გალავნის №3 კოშკის კედელზე ძველ გალავანთან გვერდით გამოიკვეთა მოგვიანებით მიშენებული გალავნის ნაშთი. ქრონოლოგიურად აღნიშნულ გალავანს უნდა უკავშირდებოდეს წელს აღმოჩენილი ფლეთილი ქვებისგან შედგენილი და დუღაბით შეკრული წვიმის წყლის სადინარი, რომელიც №3 კოშკის კედელს მიუყვება და გალავანშივე გაკეთებული ღიობით ფერდს ქვევით ჩაედინება.
მიწაყრილისგან გაიწმინდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დამხრობილი შენობის ნაშთი. გაირკვა, რომ შენობა ორი სხვადასხვა ეპოქის ნაგებობის ნაშთს წარმოადგენს: ერთი მათგანი, ადრებიზანტიური ეპოქისაა, ხოლო მეორე, მოგვიანებით ჩანს მიშენებული.
ადრეშუასაუკუნეების ეპოქის აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოიკვეთა ფლეთილი ქვებისგან ამოყვანილი ჭის კონტურები და აბანოსთან დაკავშირებული ქვების და კერამიკული ფილებისგან შედგენილი სვეტები.
წლევანდელი გათხრებით ციხის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი დაზუსტდა. უფრო მკაფიოდ გამოჩნდა ციხის არქიტექტურული დეტალები, მშენებლობის ტექნიკა.