• EN
  • ge
  • ru
  • ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაცია
    Hot Line 0 422 225 602

    ხიხანის ციხე  

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  ინიციატივით მესამე წელია მიმდინარეობს  უმნიშვნელოვანესი ძეგლის - ხიხანის ციხის  რეაბილიტაცია.  

     ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში დღემდე არსებულ სხვა ციხეებთან შედარებით. იგი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის,  სხალთა-ხიხანის წყლის სათავეებთან, ბათუმიდან 125 კმ. ხოლო ზღვის დონიდან   2335  მეტრ  სიმაღლეზე.

    ციხის ფართობი თითქმის ერთ ჰექტრამდეა და ამ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული, დანარჩენი დამრეც და ციცაბო ფერდობზეა განლაგებული. გალავანი ოთხი კოშკით ყოფილა დამშვენებული  რომელთა კედლებშიც სათვალთვალო სარკმელ-სათოფურებია დატანებული. მის კომპლექსში შედის სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები, როგორიცაა: თონე, მარანი, ეკლესია და დღემდე შემორჩენილი ჭა.

    აღსანიშნავია, რომ ციხეს, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან, ერთადერთი საცალფეხო მისადგომი გააჩნდა. როცა მტერი თბილისისა და გორის სიმაგრეების  სძლევდა, ქართველი დიდებულები   ხიხანს   აფარებდნენ თავს.

    მშენებლობის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ იგი X-XIII საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე  აჭარის  ერისთავთ–ერისთავ  აბუსერიძეთა მთავარ რეზიდენციას წარმოადგენდა.

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2012 წელს შეძენილ იქნა ხიხანის ციხის კოშკების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი.  2014წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა კოშკი №4-ს ; სამუშაოები შეასრულა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,შპს ტაო-ტბელმა.’’ 

     პეტრას ციხე

     აჭარის ა/რ მთავრობისა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს  ინიციატივით მიმდინარე წელს პეტრას ციხის რეაბილიტაციას დაიწყო, სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რომლის მიხედვითაც პირველ ეტაპზე  განხორციელდა ციხის სამხრეთ-დასავლეთ უბნის რეაბილიტაცია.  ( 99 000 ლ)

    პირველად ციხის შესწავლა 1930-იან წლებში დაიწყო, 1934 წელს ს.ჯანაშიამ სადაზვერვო სამუშაოები ჩაატარა ციხეზე და გამოვლინდა ტაძრის ნაშთი. ფართო მასშტაბის არქეოლოგიური გათხრები კი დაიწყო 1960-იანი წლების დასაწყისში ივანე ჯავახიშვილის სახ.ინსტიტუტისა და ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი ექსპედიციის ძალებით, ამ გათხრების შედეგად გამოვლინდა სამხრეთის კოშკი, სამხრ.კარიბჭე, სამნავიანი ბაზილიკა, აღმ.კარიბჭე და აბანო.

    ციხე–ქალაქი პეტრა ადრეფეოდალური კულტურის ერთ–ერთი უბრწყინვალესი ძეგლია, რომელიც ახალი წელთაღრიცხვის VI საუკუნით თარიღდება. ეს ტერიტორია ისტორიულად ერთ-ერთი ქართველური ტომის- ლაზების სამოსახლო იყო. უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობის გამო ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ აქ ქალაქი გააშენა. ქალაქის ტერიტორიაზე გადიოდა უმნიშვნელოვანესი სახმელეთო გზა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა დასავლეთ საქართველოს, ბიზანტიის პროვინციებს, ირანს და სომხეთს. შუა საუკუნეებისათვის პეტრას ციხე იმდენად მიუდგომელი გახდა, რომ მას ქაჯეთის ციხე უწოდეს.

    აღსანიშნავია ის, რომ 2016 წლისათვის აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ  შეძენილ იქნება  ციხესიმაგრის კეთილმოწყობის პროექტი, რომლის მიხედვითაც მუზემ-ნაკრძალში გაკეთდება მისასვლელი გზები, ბილიკები, საექსპოზიციო ნაგებობები, ბანერებისა და თვალსაჩინო მასალების განთავსების ადგილები და აჭარის რეგიონს შეემატება კიდევ ერთი ტურისტებისთვის მიმზიდველი და საინტერესო ადგილი.

     ხაბელაშვილების ,,ხის კოჭებიანი ხიდი''.

    ხიდი მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში, რომელიც თავისი ავთენტურობით, მშენებლობისას გამოყენებული ელემენტებით და გადახურვით უნიკალური და უიშვიათესია მთელ დასავლეთ საქართველოში. ისტორიული მასალებიდან ირკვევა, რომ ანალოგიური ხიდები აჭარაში მე-20 საუკუნის 60 იან წლებამდე იყო შემორჩენილი ხიდზე მშენებლობისას გამოყენებულია ხის ისეთი ჯიშები როგორიცაა ურთხველა, წაბლი და მუხა. სოფლის მკვიდრთა გადმოცემით ხიდი 300 წლის ხაბელაშვილების მკვიდრს, გვარად ბერიძეს აუშენებია, რომელიც სოფელ ხაბელაშვილებს აკავშირებდა სოფელ ბარათაულთან, ბრილთან და გომარდულთან. 2015 წელს აღნიშნულ ხიდს აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

    სამუშაოების წარმოება უზრუნველყო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს ,,ტაო-ტბელმა. რეაბილიტაციისას გათვალისწინებული იქნა ხიდის ყველა სამშენებლო ფენის მაქსიმალური შენარჩუნება და კონსერვაცია.