• EN
  • ge
  • ru
  • არქეოლოგია
    Hot Line 0 422 225 602

    არქეოლოგიური გათხრები გონიო-ფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში.

    გონიო-აფსაროსის ციხის შიდა ტერიტორიაზე მიმდინარე წელს არქეოლოგიური გათხრები ივლისის თვის დასაწყისში დაიწყო. წელს აქ სამუშაოებს აწარმოებს გონიო-აფსაროსისა და ვარშავის უნივერსიტეტის ერთობლივი ქართულ- პოლონური არქეოლოგიური ექსპედიცია. ამჟამად გათხრები მიმდინარეობს ოთხ უბანზე. მიუხედავად მცირე დროისა, უკვე აღმოჩნდა წინა ანტიკური, კლასიკური, რომაული, ბიზანტიური თუ ოსმალური ეპოქის მეტად მნიშვნელოვანი არქიტექტურული თუ ნივთიერი მასალები, რომელთა დიდი ნაწილი ფასდაუდებელია თავისი მეცნიერული მნიშვნელობით. მათ შორის განსაკუთრებით ყურადღებას იქცევს ძვ.წ. VIII-VII სს-ის დიუნური დასახლების, რომაული ეპოქის ყაზარმების, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემები, სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები, კერამიკული თუ მინის ნაწარმი, მონეტები და ა.შ. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მეოთხე უბანზე აღმოჩენილი რომაული აბანოს ნაშთები. ახლად მოპოვებული მასალები მკვლევარებს საშუალებას აძლევს თვალი გაადევნონ გონიო-აფსაროსში მიმდინარე ისტორიულ პროცესებს ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებიდან მოკიდებული თითქმის ჩვენს დრომდე. გონიო-აფსაროსში გათხრები აგვისტოს თვის ბოლომდე გაგრძელდება. ერთობლივი სამეცნიერო ექსპედიციის მუშაობაში ჩართულნი არიან ვარშავის და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები. ყოველწლიურად ორი სტუდენტი სტაჟირებას გაივლის ვარშავის უნივერსიტეტში.

      

     არქეოლოგიური გათხრები ხიხანის ციხეზე.

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ უკვე მეორე წელია არქეოლოგიური გათხრები ტარდება ხიხანის ციხეზე, რომელიც ეკუთვნოდა აბუსერიძეთა ძლიერ ფეოდალურ საგვარეულოს. ამ საგვარეულომ გამორჩეული როლი ითამაშა ერთიანი საქართველოსათვის ბრძოლის საქმეში და მუდამ მეფის ხელისუფლების მომხრეები იყვნენ.

    ექსპედიციამ გასულ წელს შეისწავლა აბუსერიძეთა სასახლე და XIII საუკუნის ეკლესია, რომელიც, როგორც ტბელ აბუსერიძის თხზულებიდან ვიგებთ, თვით მას აუშენებია ბაკოელთა დიდი ძალისხმევით.

    წელს არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა ციხის ერთ–ერთ (მე–4) კოშკში. ასევე გაგრძელდა სამუშაოები სასახლეში. ექსპედიციამ შეისწავლა დიდი 25 ქვევრიანი მარანი. იმ აგროკულტურულ ზონაში, სადაც ხიხანის ციხე მდებარეობს, ყურძენი არ ხარობს, მაგრამ როგორც ჩანს და ეს წერილობითი წყარობითაც დასტურდება, ბარში იწურებოდა ყურძენი, ხოლო ყურძნის წვენი აჰქონდათ მთაში და ასხამდნენ ქვევრებში, სადაც ხდებოდა ტკბილის დადუღება. მარანი თარიღდება მე–11–მე–13 საუკუნეებით.

    ექსპედიციამ შეისწავლა აგრეთვე განვითარებული და გვიანდელი შუასაუკუნეების რამდენიმე ნაგებობა.

      

     

     არქეოლოგიური გათხრები ფიჭვნარის ანტიკური სამაროვნის ტერიტორიაზე.

    აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით ფიჭვნარის არქეოლოგიურმა  ექსპედიციამ  საველე სამუშაოები განახორციელა  სამ უბანზე: პირველ ეტაპზე სამუშაოები დაიწყო V საუკუნის სამაროვნით, სადაც გამოვლინდა ორმოცი სამარხი. აღმოჩენილია კორითული შავფიგურებიანი სკიფოსი , რომელიც ამ მონაკვეთის სამარხებს ძვ. წ. V საუკუნის მეორე მეოთხედით ათარიღებს. ასევე აღმოჩენილია ატიკური სკიფოსიც. დასტურდება, რომ საკაცობრიო ცივილიზაციას გააჩნია ვრცელი ტერიტორიის მომცველი კოლხთა ნეკროპოლი, რომელიც მდიდარ ინფორმაციას გვაწვდის ახლადწარმოქმნილი კოლხეთის სამეფოს ისტორიასა და კულტურის აქტუალურ საკითხებზე.

       

     

    არქეოლოგიური გათხრები სოფელ სიმონეთში

    აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მორიგი  გათხრები განხორციელდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთში.

    მიკვლეული არის სამტერასიანი სათვალთვალო საფორტიფიკაციო ძეგლი, რომელიც კონტროლს აწესებდა მდინარე ჭოროხის ქვემო წელზე ზღვისპირიდან დაწყებული სოფელ აჭარისწყლამდე. აღმოჩენილია ასევე პატარა ზომის ტაძრის საძირკველი, რომელიც სავარაუდოდ XI-XIII საუკუნეებით უნდა თარიღდებოდეს. საყდარში კი მრავლად აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის ჯვრები. გარდა ამისა, ძეგლთან ახლოს მიკვლეული არის თანადროული განვითარებული შუა საუკუნეების ნამოსახლარები. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას იქცევს ჯაზიგოლში აღმოჩენილი ბრინჯაოს მეტალურგიის უძველესი კერა, რომელიც ადასტურებს, რომ აჭარა ბრინჯაოს ხანაში წარმოადგენდა საკაცობრიო ცივილიზაციის უმნიშვნელოვანეს კერას.

      

     

     არქეოლოგიური  გათხრები სოფელ მურმანეთში 

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპედიციამ სადაზვერვო საველე სამუშაოები განახორციელა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მურმანეთში. არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობდა ორ ობიექტზე.

    I- ოთარ თავართქილაძის სახლთან ახლოს მდებარე პატარა ღელეში, სადაც გამოვლინდა ბრინჯაოს მეტალურგიასთან დაკავშირებული საინტერესო არტეფაქტები. ესენია: სპილენძის მადნის დასაქუცმაცებლად გამოყენებული ქვის გობები, სანაყები და საცეხველი. თანმხლები მასალის მიხედვით ძეგლი ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოთი და I ათასწლეულის დამდეგით უნდა დათარი¬ღ-დ¬ეს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სახელოსნოსთან ახლოს დავიწყეთ ოვალური მოყვანილობის კულტურული ფენების შესწავლა, რომლის არსი ჯერ-ჯერობით არაა გახსნილი, არაა გამორიცხული, რომ ესენი ბრინჯაოს ხანის ქურების ნაშთებს წარმოადგენდნენ.

    II ობიექტი მდებარეობს ოთარ თავართქილაძის ეზოში, სადაც ორი წლის წინათ შემთხვევით გამოჩნდა რომაული ეპოქის ქვევრი. ყურადღებას იქცევს ასევე ქვევრის თანადროული კოლხური ამფორისა და სხვა სახის თიხის ჭურჭლი ფრაგმენტები, მათ შორის გამორჩეულია იმპორტულ ტერაკოტულ ნაკეთობაზე დაძერწილი ჯვრის გამოსახულება, რომელიც ერთ-ერთი უძველესი უნდა იყოს ჩვენს მონაპოვრებს შორის. რაც განსაკუთრებით საყურადღებოა ამავე უბანზე ორგან არმოჩნდა ქვაყრილები, არაა გამორიცხული, რომ მახვილაურის ანალ¬ო¬გ¬ი¬ის მიხედვით ესენი წარმოადგენდნენ ადრერკინის ხანის სამარხებს.