აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მ/შ ზაურ ახვლედიანმა და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის მმართველმა ემზარ კახიძემ პოლონური მხარის მიწვევით, ვარშავისა და კარდინალ შტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტებში სამუშაო შეხვედრები გამართეს. შეხვედრები შედგა ვარშავის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფ. ალოიჟი ზ. ნოვაკთან (Alojzy Z. Nowak) და რექტორატის წარმომადგენლებთან, აგრეთვე კარდინალ შტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორთან, პროფ. ფაბიან ველჩთან (Fabian Welc). ორივე უმაღლესი დაწესებულების წარმომადგენელმა არსებული თუ სამომავლო პროექტების განხორციელებაში მონაწილეობის გააქტიურებაში მზადყოფნა გამოთქვა. ვარშავის უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება ყოველწლიური არქეოლოგიური ექსპედიცია გონიო-აფსაროსის ტერიტორიაზე. შეხვედრა შედგა ასევე პოლონეთის ეროვნული ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელთან, დოქტ. მარჩინ ზარზეჩკისთან (Marcin Zarzecki), რომელმაც გამოთქვა მზადყოფნა გონიოში, პეტრასა თუ ფიჭვნარში ერთობლივი არქეოლოგიური კვლევების დაფინანსებისათვის ხელშეწყობის საქმეში. საუბარი შეეხებოდა ასევე ლიმეს კონგრესის ბათუმში ჩატარების ორგანიზებას.