აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მოსწავლეებისთვის აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტს ,,შეეხე ისტორიას ხელებით”
შემეცნებითი აქტივობებით დახუნძლული შეხვედრა გონიოს ციხის ტერიტორიაზე გაიმართა.
დღევანდელი შეხვედრის თემად “დასვენება და გართობა ძველ რომში” შევარჩიეთ.
ციხის ტერიტორიის დათვალიერების შემდგომ მოსწავლეებისთვის ჩატარდა პრეზენტაცია და სხვადასხვა ტიპის გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.
პრეზენტაცია აერთიანებდა პოპულარული და მასშტაბური რომაული თამაშობების განხილვას და მათი საინტერესო მხარეების წარმოჩენას.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამაგიდო თამაშებზე, რაც ყველა ასაკსა თუ ფენაში თანაბარი პოპულარობით სარგებლობდა.
მოსწავლეები გაეცნენ ძველ რომაულ სამაგიდო თამაშს "TERNI LAPILLI", რომლის სათამაშო ქვები თავად დაამზადეს და ისეთი ინტერესითა და ხალისით ითამაშეს, როგორც ამას რომაელი ჯარისკაცები 2000 წლის წინ ზუსტად იგივე ადგილას თამაშობდნენ.
შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს საჩუქრად წიგნები და ჯგუფს, მასწავლებლის ხელმძღვანელობით სერტიფიკატი გადავეცით!
ამჯერად საგანმანათლებლო გაკვეთილი ბათუმის მე-10 საჯარო სკოლის მე-5 დ კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდა. გაკვეთილს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მეცნიერ-თანამშრომელი, თორნიკე მამისეიშვილი უძღვებოდა.