აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მიმდინარე წლის 28 მაისს ქობულეთის მუზეუმს გადასცა გაწმენდილი 16 ერთეული მონეტა.
აღნიშნული მონეტების ლაბორატორიული გაწმენდა-დამუშავების მიზნით სააგენტოს თავად მუზეუმმა მომართა.
მონეტები გაიწმინდა სააგენტოს სარესტავრაციო ლაბორატორიაში, შედგა შესაბამისი სააღრიცხვო ბარათები, სადაც აღწერილია მონეტების თავდაპირველი მდგომარება და მასზე ჩატარებული სამუშაოები, შესაბამის ფოტომასალასთან ერთად.
პირველადი დაკვირვების საფუძველზე აღნიშნული მონეტები, ძირითადად ბიზანტიური და რომაული პერიოდისაა, გვხვდება არაბულენოვანი წარწერებიც. უფრო მეტი სიზუსტისათვის მონეტები საჭიროებს სპეციალურ მიზნობრივ კვლევა-ძიებას.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სარესტავრაციო ლაბორატორია 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ახორციელებს ხელოვნების ნიმუშების, მათ შორის ფერწერული ტილოების რესტავრაციას, ასევე არქეოლოგიური არტეფაქტების, კერძოდ სპილენძის, ბრინჯაოს, ვერცხლისა და რკინის ნივთების, მათ შორის მონეტების გაწმენდას და მათ მომზადებას სამუზეუმო ექსპოზიციისათვის.