აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიოს ციხეში ჩატარდა „რომაული ფესტივალი 2022“. ციხის ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ გაცოცხლდა I-III საუკუნეების რომაელი ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება.
სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ რომაულ თამაშებში, დაეგემოვნებინათ რომაული კერძები, რამაც საშუალება მისცა მათ ერთი დღით გამხდარიყვნენ იმ ეპოქის მონაწილეები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სხვა მოწვეული სტუმრები. ღონისძიების მიზანია: იმ უძველესი ტრადიციების გაცოცხლება, რაც გონიოს ციხეში საუკუნეების წინ ხდებოდა.