პეტრას ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა შიდაციხის შემდეგ უბნებზე:შიდაციხის ჩრდილოეთის ბორცვის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში არსებული ნაგებობის, ე. წ. „ცისტერნის“ უბანი. ნაგებობა გაიწმინდა და მომზადდა კონსერვაციისთვის.
ექსპედიციამ შეისწავლა ტერიტორია აღმოსავლეთ კარიბჭის დასავლეთის მიმართულებით. ბაზილიკის მინაშენის კედელი გაგრძელდა დასავლეთის მიმართულებით. სავარაუდოდ, აღნიშნული კედელი, ქრონოლოგიურად სხვადასხვა ნაგებობის ნაშთს წარმოადგენს. კედელი დასავლეთით სრულდება ნახევრადწრიული ფორმის წყობით, რომელიც მოქცეულია ბაზილიკის ჩრდილოეთ მინაშენისა და ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავს შორის. ეს აღმოჩენა სიახლეს წარმოადგენს. წინასწარი დაკვირვებით, ნახევრადწრიული ნაგებობა სამნავიან ბაზილიკაზე ადრეული ჩანს, რადგან იკვეთება ბაზილიკის ჩრდილოეთი ნავის კედლით და შესაძლოა წარმოადგენდეს ადრე აღმოჩენილი ადრეული ნაგებობის კუთვნილებას.
სამნავიანი ბაზილიკის შიდა სივრცეში გაითხარა აღნიშნულ ნაგებობაზე ადრეულად მიჩნეული ნაგებობის ნაშთები. კერძოდ, დაზუსტდა ამ უკანასკნელის ჩრდილოეთი და დასავლეთი კედლის კონტურები, უფრო მკაფიოდ გამოჩნდა სხვადასხვა პერიოდის წყობათა ურთიერთკვეთის სურათი.
შესწავლილია ტერიტორია სამნავიანი ბაზილიკის დასავლეთი კედლის დასავლეთით და ჩრდილოეთით. აღმოჩნდა ფლეთილი და რიყის ქვებისგან შედგენილი გალავანი, რომელიც დასავლეთის ებჯინება ბაზილიკის ნართექსის NW კუთხეს, ხოლო ჩრდილოეთით უერთდება ადრე აღმოჩენილი გალავნის კედლის ნაშთს.
არქეოლოგიური გათხრები აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური უზრუნველყოფით განხორციელდა. ექსპედიცია მომავალ წელსაც გაგრძელდება.