ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებულ გვარას ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად 18 ქვევრი აღმოჩნდა, რომლებიც XI საუკუნით თარიღდება. სპეციალისტები ციხის ტერიტორიაზე უკვე ორი კვირაა მუშაობენ და შესწავლილია ციხის შიდა ტერიტორიის ძირითადი ნაწილი. მოხდა ასევე ციხის გალავანში ჩართული კოშკის შესწავლაც, სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა სახის კერემიკული ნაწარმი. ექსპედიციაში სპეციალისტებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. არქეოლოგიური კვლევა-ძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა ციხის აგების თარიღიც. ამ ეტაპზე, წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ციხე ფუნქციონირებდა X-XVIII საუკუნეებში.
დღეს, არქეოლოგიური გათხრები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, მოადგილე ირაკლი თავბერიძემ, ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსის მ/შ მირზა ცეცხლაძემ დაათვალიერეს.
ექსპედიცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.