გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრის შიდა ტერიტორიაზე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია მიმდინარეობს. ამ ეტაპისათვის არქეოლოგიური სამუშაოები ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში ხორციელდება.
მიკვლეულია იუპიტერის კულტთან დაკავშირებული უნიკალური ნივთები. ახალი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეში აღნიშნული ღვთაების კულტი ფართოდ იყო გავრცელებული რომაულ არმიაში. აღსანიშნავია ამ ღვთაებასთან დაკავშირებული ბერძნულ წარწერიანი ოქროს სამკერდე ნიშანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბრინჯაოს ქანდაკება ხარზე მდგომი არწივის გამოსახულებით, რაც იუპიტერის სიმბოლური გამოსახვის ტიპური გზაა.
არანაკლებ მნიშვნელოვანი და უნიკალური აღმოჩენაა რომაული სამხედრო სანდლის ნაშთები, რომელზეც შენარჩუნებულია რკინის ლურსმნების მთლიანი ნაკრები, რითაც ფეხსაცმლის ლანჩა იყო მიმაგრებული.
არქეოლოგიური სამუშაოები სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
ექსპედიციის ხელმძღვანელი მერაბ ხალვაში.
ექსპედიციის თანახელმძღვანელი რადოსლავ კარასიევიჩ-შჩიპიორსკი.