აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით განახლდა საველე არქეოლოგიური სამუშაოები ფიჭვნარის სამაროვნის ტერიტორიაზე. (ექსპედიციის ხელმძღვანელი, პროფესორი ამირან კახიძე) საველე არქეოლოგიური სამუშაოები წარმოებდა ფიჭვნარის სამაროვნის სამ უბანზე: პირველი უბანი გახლავთ ძვ. წ. V ს ბერძნული ნეკროპოლისი. მიმდინარე წელს სამუშაოები დაიწყო ძვ. წ. V ს მეორე მეოთხედის სამაროვნის ტერიტორიაზე. 2013 წელს შესწავლილი თხრილი გაფართოვდა როგორც ჩრდილოეთის, ასევე აღმოსავლეთის მიმართულებით.
გამოვლენილი იქნა 18 სამარხი. სამარხეული ინვენტარით დასტურდება, რომ პირველი ბერძენი მოახალშენეები შედარებით ღარიბული ფენების წარმომადგენლები იყვნენ. სწორედ ამიტომაც დაკრძალვის რიტუალში ხშირადაა გამოყენებული ადგილობრივი მაღალმხატვრული სამეთუნეო ნაკეთობანი და სამკაულები, კოლხური მონეტები.
ჩანს კოლხიზაციის ნიშნები სამარხების ორიენტაციასთან, დამხრობის წესთან დაკავშირებით. მეორე ობიექტი კლასიკური და ელინისტური ხანის კოლხურ სამაროვნებს შორის მდებარე ძვ. წ. IV ს კოლხური სამაროვანია. აქაც იხაზება სურათი იმასთან დაკავშირებით, რომ საზოგადოების ადგილობრივ ფენებს შორის ღრმავდება ელინიზაციის პროცესები. საველე სამუშაოების მესამე ობიეტი ელინიზმის ეპოქის სამაროვანია.
აქ 2015 წლის თხრილი გაგრძელდა სამხრეთის და დასავლეთის მიმართულებით. ჩანს, რომ ამ დროისათვისაც მეტად ინტენსიურადაა გამოყენებული დასაკრძალავი რიტუალებისათვის განკუთვნილი ადგილები.
აშკარაა, რომ საკმაოდ მკვეთრი ცვლილებები მოხდა მოსახლეობის დემოგრაფიაში, მკვეთრადაა გაზრდილი მოსახლეობის რიცხვი. გამოიკვეთა 20-ზე მეტი სამარხისა და 4 სააღაპო მოედნის კონტურები.
ელინისტური ხანის სამაროვანიც შესანიშნავ სურათს ქმნის აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის კოლხური მოსახლეობის უმნიშვნელოვანეს როლზე მსოფლიო ისტორიულ პროცესებში.
მიმდინარე წელს ამ მიმართულებით სააგენტოს ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 130 000 ლარი.