დღეს, ძეგლებისა და ისტორიული ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით სასტუმრო ,,ინტურისტ პალასში’’ II საერთაშორისო სემინარი თემაზე- ,,შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეალური მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები“ გაიმართა.
სემინარზე წარმოდგენილი იყო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ოკუპირებული აფხაზეთისა და ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ჩატარებული კვლევის შედეგები. სემინარში მონაწილეობას ღებულობდნენ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები მათ შორის, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.
ღონისძიება დასრულდა გამოფენით, სადაც ბათუმის საზოგადოებამ პირველად იხილა აფხაზეთის კულტურული ძეგლების თემატიკაზე შექმნილი ფერწერული ნამუშევრები. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ბათუმელი მხატვრების მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი აჭარაში არსებული ძეგლების ფერწერული ტილოები.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ ბ-ნ ამირან კახიძეს, ბ-ნ ანზორ ჯაველიძეს და ქ-ნ მაია ჭიჭილეიშვილს.
მოეწყო ეთნო კუთხე, სადაც მომზადდა ტრადიციული აჭარული კერძი ,,ბორანო’’, რომლის მომზადების წესსა და ტრადიციას მიმდინარე წელს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები, აჭარის და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრები, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.