9-11 ოქტომბერს, იტალიის ქალაქ ნეაპოლს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის უმაღლესი საბჭოს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ, სადაც ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის და ნეაპოლის პეგასუს ტელემატიკა უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სამუზეუმო განყოფილების უფროსმა ლაშა ასლანიშვილმა და სააგენტოს ადმინისტრაციის უფროსმა გოჩა კახიძემ, გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრის შესახებ ვიდეო რგოლის პრეზენტაცია წარადგინეს.ასევე სააგენტოს მიერ გონიოს ციხის რომაული ფესტივალის ხუთწლიანი ისტორია იტალიელ კინოდოკუმენტალისტებს, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს და ისტორიკოსებს გააცნეს.
ასევე, კამპანიის რეგიონის საზოგადოებას, ნეაპოლის უძველეს პალაცო ძაპატას სარკეებიან დარბაზში, ბათუმელი მხატვრების: ზურა კოჩალიძეს, მაია ჭყონიას და ირინა ტორონჯაძის შემოქმედება წარუდგინეს, სადაც მუსიკოსების ნატალია ორაგველიძის, ირაკლი კორიფაძის, ზაზა ხამათაშვილის, ბაჩი მიქელაძის და ნიკოლოზ ვადაჭკორიას კონცერტი გაიმართა.
მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა კამპანიის რეგიონული საბჭოს შენობაში, სადაც აჭარის დელეგაცია საბჭოს მოადგილემ ლორედანა რაიამ მიიღო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის მოადგილემ, ირაკლი ჩავლეიშვილმა და მისმა იტალიელმა კოლეგამ ხაზი გაუსვეს ხმელთაშუა ზღვის და შავი ზღვის ისტორიული კავშირების განახლებას, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებას, ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას განათლების, კულტურისა და სპორტის დარგში, ასევე საქართველოს ურყევ სწრაფვას საერთო ევროპული ოჯახისკენ და იტალიის მხარდაჭერას კანდიდატი სტატუსის მოპოვების პროცესში.