დღეს, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, სსიპ- აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 2020 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა. პროგრამა: ,,კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება’’ ითვალისწინებს აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციას, მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურის მოწყობას, არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას აჭარაში და ძეგლების პოპულარიზაციას და მარკეტინგულ მხარდაჭერას. პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ განხორციელდება: ხიხანის აბუსერისძეთა საგვარეულო ციხის რეაბილიტაცია; ურბანული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა; მოეწყობა პეტრას ციხისა და გონიო-აფსაროსის ციხის ინფრასტრუქტურა, მოეწყობა არქეოლოგიური ექსპედიციები და საინფორმაციო-მარკეტინგული ღონისძიებები;
შეხვედრას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებებისა და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.