გონიო-აფსაროსის ციხე (საერთო ფართობი 4,75 ჰა) მდებარეობს მდ. ჭოროხის (ძველი აფსაროსი/აკამფსისი/ჰარპასოსი) მარცხენა სანაპიროზე. ამ რეგიონში აღმოცენდა კოლხური ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: დაიაენი და კულხა (ძვ.წ. XIII-VIII სს.). რომაულ-ბიზანტიური წერილობითი წყაროების თანახმად, დაახლოებით ამ პერიოდს განეკუთვნება აფსაროსის როგორც დასახლებული პუნქტის წარმოქმნა. სტეფანე ბიზანტიელის, არტემიდორე ეფესელის, არიანეს, პროკოფი კესარიელის და სხვათა ცნობებით აფსაროსის სახელწოდება უკავშირდება არგონავტების აია-კოლხეთში ლაშქრობას, მათ მიერ აიეტის ვაჟის აფსირტეს მოკვლას და აქვე დაკრძალვას.
არქეოლოგიური მონაცემებით პირველი სამოსახლოები გონიოში ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებში ჩნდება. ინტენსიური ცხოვრება გრძელდება ძვ. წ. V-I საუკუნეებშიც. ციხე ახ.წ. I საუკუნეში რომაელებმა ააგეს. აფსაროსის საფორტიფიკაციო ნაგებობას პირველად ახ.წ. 77 წ. დათარიღებულ ნაშრომში გაიუს პლინიუს სეკუნდუსი მოიხსენიებს.
I-III საუკუნეებში აფსაროსი რომის აღმოსავლეთი საზღვრის სტრატეგიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. აქ იდგა ხუთი დამხმარე კოჰორტა (1200-1500 კაცი). პროკოფი კესარიელის (ახ.წ. VI ს.) თანახმად აფსაროსში ამფითეატრი და ჰიპოდრომი ფუნქციონირებდა.
გონიოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III საუკუნეების შენობა-ნაგებობათა (აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემები, წყლის ცისტერნები, ჭები და ა.შ.) ნაშთები მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალით.
ახ.წ. IV საუკუნეში რომაელები ტოვებენ აფსაროსის ციხეს. VI საუკუნის 40-იანი წლებიდან აქ ბიზანტიელები დგანან. XVI საუკუნის შუა ხანიდან 1878 წლამდე კი გონიოს ციხეში ოსმალთა გარნიზონია.