• EN
  • ge
  • ru
  • უნიკალური აღმოჩენა გონიოში
    19 სექტემბერი, 2018

    მიმდინარე წელს პირველად, ქართულ-პოლონური ერთობლივი   არქეოლოგიური გათხრები  გონიო-აფსაროსის ციხის კედლების გარეთ ჩატარდა. არქეოლოგების ვარაუდით  თავდაპირველ რომაულ ციხეს განსხვავებული ფორმა და ზომა ჰქონდა. მათი ვარაუდი გამართლდა და გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა თავდაცვითი კედლის საძირკველის ორი რიგი. აღსანიშნავია ის, რომ  ისინი განსხვავდებიან არა მარტო კონსტრუქციით, არამედ თარიღითაც. ადრეული კედელი აფსაროსის პირველი რომაული გარნიზონის ადგილსამყოფელი უნდა ყოფილიყო. ბოლოდროინდელი გათხრების შედეგები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ციხე ნერონის დროს დაარსდა. ამის შემდეგ რომაელები რამდენჯერმე მიუბრუნდნენ ამ ადგილს. მომდევნო გარნიზონებმა აღადგინეს არა მარტო თავდაცვითი კედლები, არამედ ციხის შიგნით განლაგებული შენობები.     

     გონიოს რომაულ ციხე აფსაროსში ერთობლივი ქართულ-პოლონური ექსპედიცია 2014 წლიდან მუშაობს. ექსპედიციას ხელმძღვანელობენ პროფ. შოთა მამულაძე (გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი) და პროფ. რადოსლავ კარასიევიჩ-შჩიპიორსკი (ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტი). ამ დრომდე ერთობლივი ექსპედიციის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი საგარნიზონო აბანოში დაფიქსირებული მოზაიკის იატაკი იყო.