• EN
  • ge
  • არქეოლოგიური გათხრები ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე. - 25 ოქტომბერი, 2018

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს სსიპ აჭარის მუზეუმის ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა საველე კვლევა-ძიება განაახლა ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიზე; სამუშაოები ორ უბანზე მიმდინარეობს:

     I  უბანი.  ნამჭედურის გორა ნამოსახლარი (ნამჭედური I).

    ამ ეტაპზე ბორცვის აღმოსავლეთ ფერდობზე მიმდინარეობს გვიან კლასიკური ხანის კულტურულ ფენის შესწავლა, რომელიც დამტვრეული ბათქაშების გროვებითაა წარმოდგენილი და გაუთხრელი ფართობის მიმართულებით ვრცელდება. in situ მდგომარეობაში შემორჩენილია ბათქაშებიანი იატაკისა და კედლის მცირე ფრაგმენტი. ისინი საცხოვრებელი თუ სამეურნეო ნაგებობის ერთიან კომპლექსს უკავშირდება, რომლის საზღვრების დადგენა და რეკონსტრუქცია სამუშაოების გაგრძელების შემდგომ გახდება შესაძლებელი. კულტურულ ფენაში მცირე რაოდენობით ჩნდება ქვევრის, დერგის, ამფორისა და სხვა სახის ჭურჭლის ფრაგმენტები. აღმოჩენილია კვირისტავიც.

    II უბანი. ნამჭედური II. მდებარეობს ნამჭედურის გორა-ნამოსახლარის (ნამჭედური I)  ჩრდილოეთით დაახლ. 250-300 მ-ის დაშორებით.

    შესწავლილია ელინისტური და კლასიკური ხანის კულტურული ფენები. აქაც წარმოდგენილია ხის კონსტრუქციაზე მოტკეპნილი ბათქაშებიანი იატაკი, მოკირწყლული მოედანი.  აღმოჩნდა თიხის სასმისები, ქვევრების, ქოთნების, დერგების, კრამიტის ფრაგმენტები, (ამფორებისა და შავლაკიანი ჭურჭლის ფრაგმენტები). სხვა ნაკეთობებიდან გამოიყოფა ბადის ქვის საძირავები, ნამგლის კაჟის ჩასართი და თვალადი მძივი. 

    ორივე ნამოსახლარი წარმოადგენს მრავალფენიან ძეგლს. მათი გეგმაზომიერი კვლევა შესაძლებლობას იძლევა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით იქნას შესწავლილი საზოგადოების განვითარების ცალკეული ეტაპები გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურიდან (ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი) დაწყებული ელინისტური ხანის (ძვ.წ. I ათასწლეულის დასასრული) ჩათვლით.