• EN
  • ge
  • ru
  • პეტრა-ციხის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი
    Hot Line 0 422 225 602

    პეტრას ნაქალაქარი მდებარეობს ქობულეთის რაიონის სოფ.ციხისძირში, ბათუმიდან ჩრდილოეთით 25  კმ-ის მანძილზე.

    პეტრას, როგორც ისტორიული ლაზიკის ცნობილი ციხე-ქალაქისა და საეპისკოპოსო ცენტრის, შესახებ ცნობები შემონახულია VI-IX სს. ბიზანტიურ საისტორიო წყაროებში (იუსტინიანეს ნოველები, პროკოპი კესარიელის თხზულებები, კონსტანტინეპოლის საეპისკოპოსო კათედრათა ნუსხები), რომელთა მიხედვით, ლაზიკის სამხრეთ საზღვარზე, ზღვასთან, უმნიშვნელო დაბის ადგილას, იმპერატორ იუსტინიანეს (527-565) ბრძანებით, გაშენდა ქალაქი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ბიზანტია-ირანს შორის ლაზიკისათვის წარმოებული ომის დროს. კლდოვან ადგილას გაშენებულ ქალაქს პეტრა უწოდეს, რაც ბერძნულად “კლდეს, ქვას” ნიშნავს. VI-IX სს პეტრა იხსენიება როგორც კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში შემავალი ლაზიკის სამეფოს ერთ-ერთი ეპარქიის ცენტრი.

    ციხისძირის მიდამოებში მრავალი შემთხვევითი არქეოლოგიური აღმოჩენაა დადასტურებული, როგორიცაა, ძვ.წ. II ათასწლეულის ბრინჯაოს მელითონეთა განძები, ახ.წ. III საუკუნის ოქროს სამკაულების, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭლებისაგან შედგენილი კოლექცია, რომელიც ამჟამად სანკტ-პეტერბურგში, ერმიტაჟშია დაცული, ხოლო კოლექციის გამორჩეული ნივთი – ოქროს მედალიონში ჩასმული რომის იმპერატორ ლუციუს ვერუსის გამოსახულებიანი გემა მის მუდმივ ექსპოზიციაშია წარმოდგენილი. შემთხვევით აღმოჩენათა რიგს განეკუთვნება ასევე მრავალრიცხოვანი ნუმიზმატიკური ძეგლები, მათ შორის ბერძნული, რომაული, პართული, ბიზანტიური, სასანური, არაბული და ოსმალური მონეტები.

    XX საუკუნის 60-იანი წლებიდან დაწყებული გეგმაზომიერი არქეოლოგიური შესწავლის შედეგად გამოვლენილი იქნა ორ ბორცვზე განლაგებული საფორტიფიკაციო ნაგებობები, რომლებიც ერთმანეთთან ორმაგი კედლებით იყო დაკავშირებული. ციხის შიგნით გაითხარა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ნახევარწრიული აბსიდით, რომელიც აუგიათ უფრო ძველი, დიდი ზომის, ადრებიზანტიური ხანის სამნავიანი ბაზილიკის დანგრევის შემდეგ. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ადრებიზანტიური ხანის აბანო, სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები (ცისტერნები) და შესაბამისი ეპოქის არქეოლოგიური მასალები.

    შიდაციხის გარეთ შესწავლილია ნამოსახლარი, რომელიც შეიცავდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის, არქაული, კლასიკური, ელინისტური, რომაული და ადრებიზანტიური ხანის კულტურულ ფენებს. ციხის ჩრდილოეთით მდებარე ზღვის სანაპირო ზოლში აღმოჩენილია ხუროთმოძღვრული ძეგლები: ახ.წ. IV საუკუნით დათარიღებული ორი აბანო, ადრებიზანტიური ხანის ვილა და ვრცელი სამაროვანი (315 სამარხი), რომელიც  მოიცავს პერიოდს ანტიკური ხანიდან ადრეშუასაუკუნეების ჩათვლით. სამარხეული ინვენტარი შეიცავდა კერამიკულ და მინის ნაწარმს, ოქროს, ვერცხლის და მინის სამკაულებს, რკინის იარაღებსა და მონეტებს. ციხისძირის ზღვისპირა დაბლობში ასევე გაითხარა ახ.წ. VI-VII საუკუნეების დარბაზული ეკლესია და მის გარშემო ქრისტიანული ორმოსამარხები.

    წერილობითი წყაროები და არქეოლოგიური აღმოჩენები ნათლად მეტყველებენ იმაზე,  რომ პეტრა-ციხისძირი დროის ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასახლებული პუნქტი იყო, ხოლო ადრებიზანტიურ ხანაში იგი მსოფლიო მოვლენების ცენტრში აღმოჩნდა.