• EN
  • ge
  • ru
  • არქეოლოგია 2018
    Hot Line 0 422 225 602

    არქეოლოგიური გათხრები გვარას ციხეზე 

    ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებულ გვარას ციხეზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად 18 ქვევრი აღმოჩნდა, რომლებიც XI საუკუნით თარიღდება. სპეციალისტებმა შეისწავლეს ციხის შიდა ტერიტორიის ძირითადი ნაწილი. მოხდა ასევე ციხის გალავანში ჩართული კოშკის შესწავლაც, სადაც აღმოჩნდა სხვადასხვა სახის კერემიკული ნაწარმი.  ამ ეტაპზე, წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ციხე ფუნქციონირებდა X-XVIII საუკუნეებში.

                         

     

     არქეოლოგიური გათხრები  ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე.

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით მიმდინარე წელს სსიპ აჭარის მუზეუმის ბათუმის არქეოლოგიურმა მუზეუმმა საველე კვლევა-ძიება განაახლა ფიჭვნარის ნაქალაქარის ტერიტორიზე; სამუშაოები ორ უბანზე მიმდინარეობდა:

     I  უბანი.  ნამჭედურის გორა ნამოსახლარი (ნამჭედური I).

     ბორცვის აღმოსავლეთ ფერდობზე  გვიან კლასიკური ხანის კულტურული ფენის შესწავლა მოხდა სადაც მცირე რაოდენობით აღმოჩნდა ქვევრის, დერგის, ამფორისა და სხვა სახის ჭურჭლის ფრაგმენტები. აღმოჩენილია კვირისტავიც.

    II უბანი. ნამჭედური II. მდებარეობს ნამჭედურის გორა-ნამოსახლარის (ნამჭედური I)  ჩრდილოეთით დაახლ. 250-300 მ-ის დაშორებით.

    შესწავლა მოხდა ელინისტური და კლასიკური ხანის კულტურული ფენების, სად  აც აღმოჩნდა ხის კონსტრუქციაზე მოტკეპნილი ბათქაშებიანი იატაკი და მოკირწყლული მოედანი.  ნაპოვნია თიხის სასმისები, ასევე ქვევრების, ქოთნების, დერგების, კრამიტის ფრაგმენტები, (ამფორებისა და შავლაკიანი ჭურჭლის ფრაგმენტები). სხვა ნაკეთობებიდან გამოიყოფა ბადის ქვის საძირავები, ნამგლის კაჟის ჩასართი და თვალადი მძივი. 

    ორივე ნამოსახლარი წარმოადგენს მრავალფენიან ძეგლს. მათი გეგმაზომიერი კვლევა შესაძლებლობას იძლევა ქრონოლოგიური თანმიმდევრობით იქნას შესწავლილი საზოგადოების განვითარების ცალკეული ეტაპები გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურიდან (ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი) დაწყებული ელინისტური ხანის (ძვ.წ. I ათასწლეულის დასასრული) ჩათვლით.

       

     

    უნიკალური აღმოჩენა გონიოში 

    მიმდინარე წელს პირველად, ქართულ-პოლონური ერთობლივი   არქეოლოგიური გათხრები  გონიო-აფსაროსის ციხის კედლების გარეთ ჩატარდა. არქეოლოგების ვარაუდით  თავდაპირველ რომაულ ციხეს განსხვავებული ფორმა და ზომა ჰქონდა. მათი ვარაუდი გამართლდა და გათხრების შედეგად აღმოჩენილი იქნა თავდაცვითი კედლის საძირკველის ორი რიგი. აღსანიშნავია ის, რომ  ისინი განსხვავდებიან არა მარტო კონსტრუქციით, არამედ თარიღითაც. ადრეული კედელი აფსაროსის პირველი რომაული გარნიზონის ადგილსამყოფელი უნდა ყოფილიყო. ბოლოდროინდელი გათხრების შედეგები სულ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ ციხე ნერონის დროს დაარსდა. ამის შემდეგ რომაელები რამდენჯერმე მიუბრუნდნენ ამ ადგილს. მომდევნო გარნიზონებმა აღადგინეს არა მარტო თავდაცვითი კედლები, არამედ ციხის შიგნით განლაგებული შენობები.    

     გონიოს რომაულ ციხე აფსაროსში ერთობლივი ქართულ-პოლონური ექსპედიცია 2014 წლიდან მუშაობს. ექსპედიციას ხელმძღვანელობენ პროფ. შოთა მამულაძე (გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალი) და პროფ. რადოსლავ კარასიევიჩ-შჩიპიორსკი (ვარშავის უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტი). ამ დრომდე ერთობლივი ექსპედიციის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი საგარნიზონო აბანოში დაფიქსირებული მოზაიკის იატაკი იყო.

       

     

    არქეოლოგიური გათხრები სოფელ კოლოტაურში 

     აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებით, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლოტაურში (ჯვარქედის უბანი) ანტიკური ხანის ნამოსახლარის შესწავლა მოხდა. აღმოჩენილია კომპლექსი სადაც, წარმოდგენილია სამი პერიოდის ძეგლი: გამოქვაბული 8 - 10 000 წლის წინანდელი, XI - XIII საუკუნეებით დათარიღებული სათვალთვალო კოშკი და ძვ.წ. აღ-ის მე-4 მე- 5 სს -ის ნამოსახლარი.

    აღმოჩენილია ასევე სხვადასხვა სახის კერამიკული ნაწარმი, ლითონის ნაკეთობანი, რკინისა და ბრინჯაოს ნივთები.