• EN
  • ge
  • ru
  • ძეგლების რეაბილიტაცია კონსერვაცია
    Hot Line 0 422 225 602

    სარეაბილიტაციო სამუშაოები ხიხანის ციხეზე

    ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში დღემდე არსებულ სხვა ციხეებთან შედარებით. იგი მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის, სხალთა-ხიხანის წყლის სათავეებთან, ბათუმიდან 125 კმ. ხოლო ზღვის დონიდან 2635 მეტრ სიმაღლეზე. ციხის ფართობი თითქმის ერთ ჰექტრამდეა და ამ ტერიტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული, დანარჩენი დამრეც და ციცაბო ფერდობზეა განლაგებული. გალავანი ოთხი კოშკით ყოფილა დამშვენებული რომელთა კედლებშიც სათვალთვალო სარკმელ-სათოფურებია დატანებული. მის კომპლექსში შედის სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები, როგორიცაა: თონე, მარანი, ეკლესია და დღემდე შემორჩენილი ჭა. აღსანიშნავია, რომ ციხეს, სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან, ერთადერთი საცალფეხო მისადგომი გააჩნდა. როცა მტერი თბილისისა და გორის სიმაგრეების სძლევდა, ქართველი დიდებულები ხიხანს აფარებდნენ თავს. ციხის მშენებლობის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ იგი X-XIII საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს. XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე აჭარის ერისთავთ–ერისთავ აბუსერიძეთა მთავარ რეზიდენციას წარმოადგენდა.

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ 2012 წელს შეძენილ იქნა ხიხანის ციხის კოშკების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი. წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა კოშკი №4-ს ; სამუშაოები შეასრულა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,შპს ტაო-ტბელმა.’’

    აღსანიშნავია ასევე ის ფაქტი რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ უკვე მეორე წელია არქეოლოგიური გათხრები ტარდება ხიხანის ციხეზე.ექსპედიციამ გასულ წელს შეისწავლა აბუსერიძეთა სასახლე და XIII საუკუნის ეკლესია. წელს არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა ციხის ერთ–ერთ (მე–4) კოშკში. ასევე გაგრძელდა სამუშაოები სასახლეში. ექსპედიციამ შეისწავლა დიდი 25 ქვევრიანი მარანი. იმ აგროკულტურულ ზონაში, სადაც ხიხანის ციხე მდებარეობს, ყურძენი არ ხარობს, მაგრამ როგორც ჩანს და ეს წერილობითი წყარობითაც დასტურდება, ბარში იწურებოდა ყურძენი, ხოლო ყურძნის წვენი აჰქონდათ მთაში და ასხამდნენ ქვევრებში, სადაც ხდებოდა ტკბილის დადუღება. მარანი თარიღდება მე–11–მე–13 საუკუნეებით. ექსპედიციამ შეისწავლა აგრეთვე განვითარებული და გვიანდელი შუასაუკუნეების რამდენიმე ნაგებობა.

      

     

     არქეოლოგიური უბნების კონსერვაცია.

    აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს გონიო-აფსაროსის ციხის არქეოლოგიურ შესწავლას. არქეოლოგიური შესწავლის პარალელურად გასულ წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არქეოლოგიური უბნების კონსერვაციის შესახებ, რის შემდეგადაც სააგენტოს მიერ შეძენილ იქნა 6 არქეოლოგიური უბნის საკონსერვაციო სამუშაოების პროექტი. მიმდინარე წელს დაიწყო ზემოაღნიშნული სამუშაოები, რომელსაც აწარმოებდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ტაო-ტბელი’’. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 100 000 ლარი.არქეოლოგიური უბნების კონსერვაცია გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.